Wednesday, October 14, 2009

კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორია

კემბრიჯის უნივერსიტეტი სიძველით მეორე უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი გაერთიანებულ სამეფოში.
ადრეული წყაროები აღარ არსებობს, თუმცა მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში, ინგლისი, არსებულ პროფესორთა ასოციაციისგან წარმოიშვა და სავარაუდოდ შეიქმნა 1209 წელს ოქსფორდიდან გამოქცეულ მეცნიერ-მასწავლებელთა მიერ, რომელთაც ადგილობრივ მოქალაქეებთან კონფლიქტი შეექმნათ.
ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად. ისტორიულად, მათ გამოშვებას ეკუთვნის ბრიტანეთის გამოჩენილ მეცნიერთა, მწერალთა და პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი.
კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია, რაც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტზე მეტია. მათგან 70 კემბრიჯის ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლობდა, ანუ ისინი ამ უნივერსიტეტის მასწავლებლები ან მკვლევარები არ ყოფილან. (ჩიკაგოს უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა ნობელის პრემიის ლაურეატთა რიცხვით - 78 - თუმცა მხოლოდ 30 მათგანი იყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი).
რანგით კემბრიჯი ბრიტანეთის უნივერსიტეტთა ლიგის სიის თავში იმყოფება ბოლო 8 წლის განმავლობაში, ხოლო ბოლო დროს კი უმაღლეს სასწავლებელთა საერთაშორისო ლიგის მე-3 რანგზე თაიმზის უმაღლეს სასწავლებელთა დამატების (ინგ. შემოკლებით THES) მიხედვით, ხოლო შანხაი ჟიაო ტონგის უნივერსიტეტის რეიტინგით მსოფლიოში მე-4 უნივერსიტეტია. (უნივერსიტეტთა რეიტინგები სუბიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, თუმცა დღეისთვის მსოფლიო უნივერსიტეტთა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ორი რეიტინგ-ლისტი არსებობს).
კემბრიჯი არის რასსელის ჯგუფის (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), კოიმბრას ჯგუფის (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, ლათ. Coimbra Group) და ასევე ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) წევრია
უნივერსიტეტის 31 კოლეჯი ტექნიკურად უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობენ. მაგ. ისინი თავად წყვეტენ სტუდენტთა მიღების საკითხს და ასევე თავად ნიშნავენ საბჭოს უფროს წევრებს.
უნივერსიტეტის ამჟამინდელი კანცლერი მსუ ედინბურგის დუკია, ვიცე-კანცლერი კი პროფ. ალისონ რიჩარდი. კანცლერის თანამდებობა მუდმივია და უმეტესწილად სიმბოლური, ხოლო ვიცე-კანცლერი კი აღმასრულებელ მმართველად ითვლება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში მხოლოდ საკუთარი წევრები არიან, გარე წარმომადგენლების გარეშე. მთავარი ავტორიტეტი ე.წ. მმართველი პალატაა (Regent House), რომლის წევრებიც კემბრიჯის აკადემიური თანამშრობლები არიან, თუმცა ძირითადი საქმიანობა საკონსულოს მიერ ხორცილედება. სენატი შედგება ყველა მაგისტრანტისა და უფრო მაღალი ხარისხის მფლობელთაგან. ის ირჩევს კანცლერს და 1926 წლიდან მისი როლი ძირითად ამით შემოიფარგლება.
კოლეჯთა სისტემა უნივერსიტეტისთვის შემთხვევითია და მოგვიანებით გაჩნდა. პირველი კოლეჯი სახელად პიტერჰაუზი დაფუძნდა 1284 წელს ჰიუ ბალშემის, ელის ბიშოპის მიერ. დანარჩენ კოლეჯთა უმრავლესობა დაფუძნდა მე-14, მე-15 საუკუნეებში, თუმცა ახალი კოლეჯები იქმნებოდა მას შემდეგაც, მოყოლებული დღემდე. ყველაე ახალგაზრდა კოლეჯია რობინსონი (1970). კოლეჯთა სრული სია მოცემულია ქვემოთ.
შუა საუკუნეებში კოლეჯები იქმნებოდა რათა მათ სტუდენტებს ამ კოლეჯთა დამფუძნებლების სულებისთვის ელოცათ. ამ მიზეზით ისინი ხშირად სააბატოებთან ასოცირდებოდნენ. თუმცა 1536 წელს მონასტერთა გაუქმებასთან დაკავშირებით, მეფე ჰენრი VIII-მ ბრძანა გაეუქმებინათ უნივერსიტეტში კანონიკის სწავლების ფაკულტეტი და შეეწყვიტათ სქოლასტიკური ფილოსოფიის სწავლება. ამას შედეგად კოლეჯთა კურიკულუმის ფოკუსის შეცვლა მოჰყვა - კანონიკის ნაცვლად შემოიღეს კლასიკური მეცნიერებანი, ბიბლია და მათემატიკა.
კემბრიჯის გამოცდა ბაკალავრიატის ხარისხისთვის (მთავარი დაწყებითი ხარისხი კემბრიჯში ხელოვნებასა და მეცნიერების შემსწავლელ საგნებში) ცნობილია როგორც "ტრიპოსი". მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს კურსები მრავალ საგანში გააჩნია, ისააკ ნიუტონის დროიდან მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ძირითადი ყურადღება მათემატიკაზე ხდებოდა, და ამ საგნის შესწავლა დიპლომის მისაღებად აუცილებელი იყო. მათემატიკის კურსის წარჩინებით დასრულებისას სტუდენტებს ვრანგლერის წოდებას ანიჭებდნენ. მათემატიკის ტრიპოსი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა და მის კურსდამთავრებულად ისეთი გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერები იყვნენ, როგორცაა ჯეიმს კლერკ მაქსველი, ლორდ კელვინი და ლორდ რალეი. მიუხედავად საგანთა სიმრავლისა კემბრიჯი მათემატიკას დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ისააკ ნიუტონის ინსტიტუტი, უნივერსიტეტის ნაწილი, ბრიტანეთის ეროვნულ კვლევით ინსტიტუტად ითვლება მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში.
დასაწყისში ყველა სტუდენტი მამაკაცი იყო. პირველი ქალთა კოლეჯები იყო გირტონის კოლეჯი (1869) და ნიუნჰამის კოლეჯი (1872). პირველი გამოცდები ქალი-სტუდენტებისთვის 1882 წელს ჩატარდა, თუმცა ქალთა უნივერსიტეტის სრულ წევრებად გახდომა 1947 წლამდე ვერ მოხერხდა, 20 წლით გვიან ვინემ ოქსფორდში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ითვლება კემბრიჯს ქალთათვის ხარისხი ამ დრომდე არ გაუცია, ფაქტიურად მოყოლებული მე-19 საუკუნიდან ქალები დაშვებულ იყვნენ კურსებზე, აბარებდნენ გამოცდებს და ნიშნების ფურცელს ოფიციალურად იღებდნენ, რაც სხვა ინსტიტუტების მიერ ხარისხად ითვლებოდა. უკვე მე-20 საუკუნიდან ქალებს შეეძლოთ ე.წ. ტიტულარული ხარისხის მიღება. განსხვავება ის იყო, რომ სრული ხარისხის გარეშე ქალებს არ შეეძლოთ უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრები გამხდარიყვნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები კოლეჯის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ქალთა კოლეჯების სიმცირის გამო ისინი შევიწროებულნი იყვნენ 1960 წლამდე, როცა კოლეჯებში სქესთა შერევა დაშვებულ იქნა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია


     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელს კავკასიაში. უნივერსიტეტს ხუთი ფილიალი აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 6 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს "თბილისის უნივერსიტეტი". 1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.

     უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.

      1919-1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.

     1991 წლის 14 ოქტომბერს როინ მეტრეველი თსუ–ს რექტორად დაინიშნა. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ – ს რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.

     2004 წლიდან თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ლორთქიფანიძე იყო. 2006 წლის აპრილიდან კი იგი ამ თანამდებობაზე გიორგი ხუბუამ შეცვალა.

უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს, – საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. მისივე სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში 1995 წლის 5 სექტემბრიდან შეუდგა მსახურებას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

     უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა კოლეგიამ ცნობილი ქიმიკოსი, ღვაწლმოსილი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავიდან მუშაობას შეუდგა ერთადერთი, – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო, საისტორიო და ფილოსოფიური დარგებით. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს შედგა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 1918 წლის დასაწყისისათვის 18 კაცს ითვლიდა. სწავლას შეუდგა 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი.

 

დღეს უნივერსიტეტში ახალგაზრდების აღზრდისა და მეცნიერული წვრთნის საქმეს 3275 პროფესორ-მასწავლებელი ემსახურება. მათგან 55 აკადემიკოსი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 595 პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი, 1246 დოცენტი და მეცნიერებათა კანდიდატია.

     უნივერსიტეტის პირველი გამოშვება შედგა 1922 წელს. ამ წელს თსუ დაამთავრეს სიმონ ჯანაშიამ, ვარლამ თოფურიამ, არნოლდ ჩიქობავამ, შალვა ამირანაშვილმა, ლევან (ლენკო) მუსხელიშვილმა და შემდგომში გამოჩენილმა სხვა მეცნიერებმა.

     მთავარი კორპუსის ოთხსართულიანი შენობა რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. მთავარი ფასადის ცენტრალურ ნაწილს გამბათით დასრულებული შვერილი წარმოადგენს, რომელიც რუსტრირებული და გიგანტური კორინთული პილასტრებითაა გაფორმებული. ფართო კიბისა და სიმეტრიული პანდუსის კომპოზიცია ფასადს პარადულობას ანიჭებს. შენობის ხუროთმოძღვარია პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული – სიმონ კლდიაშვილი, მშენებლობის ორგანიზატორი და სულლის ჩამდგემელი კი – ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე. ბიბლიოთეკის დარბაზსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში მხატვარ გ. ბუღაძის მიერ 2001 წელს შესრულებული მოხატულობაა.

     1940 წელს მ. შავიშვილის პროექტით აგებული უნივერსიტეტის II კორპუსი, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირის პლასტიკურ მოხაზულობას მიჰყვება, თავისი მასშტაბით, არქიტექტურული მორთულობითა და ფერით მთავარ კორპუსს ეხამება.

     1994 წელს, 64 წლის შემდეგ, უნივერსიტეტის წიაღში დაბრუნდა უმაღლესი სამედიცინო განათლება, აღდგა საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლების ტრადიცია – ჯერ გაიხსნა მედიცინის სპეციალობა ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, 2000 წელს კი მედიცინის ფაკულტეტი დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. შეიქმნა საუნივერსიტეტო კლინიკების ასამბლეა, რომლის სასწავლო ბაზები გამოირჩევა მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალით, გაიხსნა ჯანდაცვის მეცნიერებათა მართვის ცენტრი და უწყვეტი სამედიცინო განათლების დეპარტამენტი, შეიქმნა მედიცინის დარგის მზრუნველთა საბჭო, სამედიცინო ინფორმაციის სამსახური. პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშია უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური ცენტრი.

     1999 წელს დაარსდა ,,კავკასიის ბიზნესის სკოლა”. იგი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრისა და მაგისტრის პროგრამების ფარგლებში ამზადებს სპეციალისტებს. სკოლა დააფუძნა კონსორციუმმა, რომელშიც შედიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატლანტაში (აშშ).

     უნივერსიტეტთან 1923 წლიდან არსებობს სტამბა, 1933 წლიდან – გამომცემლობა. 1933 წელს შეიქმნა უნივერსიტეტის არქივი. 1919 წლიდან დარგების მიხედვით გამოდის სამეცნიერო კრებული ,,თბილისის უნივერსიტეტის შრომები”, 1996 წლიდან მოქმედებს პროგრამა ,,სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის”. უნივერსიტეტს გააჩნია ორი ყოველკვირეული გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი” (გამოდის 1927 წლიდან) და ,,ქართული უნივერსიტეტი” (გამოდის 1998 წლიდან).

     2006 წლის აპრილიდან უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ განათლების სექტორში განვითარებადი, ფინანსური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც ხორციელდება განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის მიერ. განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი, რომელიც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს წარმატებით ვითარდება, როგორც უნივერსიტეტთა და სკოლათაშორისი რესპუბლიკური პროგრამა.

     უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი: ისტორიისა და ქართული ემიგრაციის, მინერალოგიის, გეოლოგია-პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის.

     უნივერსიტეტს აქვს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის 5 კორპუსი დაახლოებით 2200 საცხოვრებელი ადგილით. ქვეყნის რეგიონებში გახსნილია თსუ-ის რვა ფილიალი – სოხუმის, მესხეთის, ოზურგეთის, სიღნაღის (კახეთის), ზუგდიდის, ფოთის, ჯავახეთის და ქვემო ქართლის (ქ. მარნეული).