Tuesday, November 24, 2009

ოცნების ქალაქი - ბერლინი


ბერლინი - გერმანიის დედაქალაქი და ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი გერმანული ქალაქია. არსებობის ისტორიის მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.
ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.ბერლინი მთლიანად შემოსაზღვრულია ბრანდენბურგის ფედერაციული მიწით და მდებარეობს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში პოლონეთის, საზღვრიდან დაახლოებით 70 კმ-ში, ბარნიმისა და ტელტოს მაღლობებზე.
ქალაქის ისტორიული ცენტრი მდებარეობდა მდ. შპრეეს სანაპიროზე, რომელსაც ქალაქის დასავლეთ ნაწილში (შპანდაუ) უერთედება მდ. ჰაველი. ბერლინის დასავლეთი უბნები რაინიკენდორფი და პანკო მდებარეობენ ბარნიმის, ხოლო შარლოტენბურგ-ვილმერსდორფი, შტეგლიც-ცელენდორფი, ტემპელჰოფ-შიონებერგი და ნოიკიოლნი - ტელტოს მაღლობზე.
ბერლინში ცხოვრობს 3.392.026 მოსახლე (31 აგვისტო 2005) 891,75 კმ²-ზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 3.804 კაცს კმ²-ზე. ბერლინის მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენს 41,7 წელს. 2005 წლის ივნისში აქ ცხოვრობდა 458.600 არაგერმანული მოქალაქეობის მქონე პირი მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. ეს შეადგენს ბერლინის მოსახლეობის 13,5%-ს. ქალაქში ცხოვრობს დაახ. 36.000 პოლონელი და 119.000 თურქი. ბერლინში თურქთა მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვარგარეთული დიასპორაა. ბერლინის მოსახლეობის 60% ათეისტია, 23% - პროტესტანტი, 9% - კათოლიკე და 6% - მუსლიმი.
ბერლინის ტერიტორიაზე პირველმოსახლენი გერმანული ტომები იყვნენ, რომლებმაც იქაურობა, სავარაუდოდ, ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში აითვისეს. ჩვენი წელთაღრიცხვის დაახ. 720 წელს ისინი ჩაანაცვლეს სლავებმა, ხოლო მე-12 საუკუნის დასაწყისიდან ქალაქის ტერიტორია ისევ გერმანელთა ხელში გადავიდა (1157 წელს ბერლინის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრანდენბურგის მარკგრაფები ბატონობენ).
მე-13 საუკუნის დასაწყისში მდინარე შპრეეს ერთერთი ფონის გარდიგარდმო 2 პატარა დასახლება აღმოცენდა: მდინარის მარჯვენა ნაპირზე ძველი ბერლინი, ხოლო დღევანდელ მუზეუმთა კუნძულზე - კელნი. პირველი ქალაქად იხსენიება 1244 წლიდან, მეორე - 1237 წლიდან. უფრო ადრეული ქალაქების სტატუსი გააჩნიათ დღევანდელი ბერლინის ფარგლებში შემავალ ქალაქებს, შპანდაუს (ქალაქად იხსენიება 1197 წლიდან) და კეპენიკს (1204), რომლებიც ძველი სლავური დასახლებების ადგილას შექმნა. ამასთან, ნახსენები ქალაქები მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ბერლინის მოქიშპენი იყვნენ და ისტორიამ საამისო ბევრი მაგალითი შემოინახა, მაგალითად, 1567 წლის "ხელკეტების ომად" წოდებული გრანდიოზული ჩხუბი ბერლინელ და შპანდაუელ ახალგაზრდებს შორის, რომელიც პირველთა გალახვით და გაქცევით დასრულდა.
ბერლინს მაღალგანვითარებული სატრანსპორტო კომპლექსი აქვს. 979 ხიდი გადებულია ქალაქში არსებულ 197 კმ სიგრძის სამდინარო მონაკვეთზე, გზების საერთო სიგრძე 5,334 კმ-ია, ხოლო ავტოსტრადებისა 73 კმ. 2006 წელს ქალაქში 1.416 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ანუ 416 ავტომანქანა 1000 სულზე. (587/1000 გერმანიაში), ბერლინში, როგორც გერმანიის უდიდესსა და ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში, ერთ სულ მოსახლეზე ავტომობილების მცირე რაოდენობა მოდის. შორი მანძილის რკინიგზა გერმანიის დედაქალაქს ქვეყნის ასეულობით და მეზობელი სახელმწიფოების უმთავრეს ქალაქებთან აკავშირებს. ბერლინს ევროპაში უმსხვილესი სარკინიგზო კვანძი აქვს. ბერლინი ცნობილია მაღალგანვითარებული საველოსიპედო გზებით, სადაც დღიურად 400 000 ველოსიპედისტი მოძრაობს, რაც 2007 წლის მონაცემებით, მგზავრთა საერთო მაჩვენებლის 12%-ს შეადგენდა. ბერლინის სენატი ცდილობს 2010 წლისთვის ეს პროცენტი 15-მდე გაზარდოს. საველოსიპედო გზა 620 კილომეტრს მოითვლის; ავტობუსებისთვის ქალაქში 70 კმ მარშრუტია დათმობილი.
ბერლინში ორი კომერციული აეროპორტია. ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) უდიდესი და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF); (მოემსახურა 21 მლნ ადამიანს 2007 წელს). ორივე აეროპორტი ერთობლივად 144 წერტილს ემსახურება, აქედან 124 ევროპაშია. შენეფელდი, როგორც წესი, იაფფასიანი ავიაციის პოლიტიკას ატარებს და ბერლინის სამხრეთ საზღვრებს გარეთ, ბრანდენბურგის მხარეში მდებარეობს.დანარჩენი 2 აეროპორტი ქალაქის ფარგლებშია. ბერლინის მთავრობის გეგმით, 2011 წლიდან ძირითადი დატვირთვა შენეფელდის მოდერნიზებულ აეროპორტზე უნდა მოდიოდეს, რომელსაც იმდროისათვის ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი ერქმევა. ამავე გეგმით, ბერლინი აზიისკენ მიმავალი ავიაციის ევროპის კარიბჭედ უნდა იქცეს. ბერლინში არის აგრეთვე მაღალგანვითარებული მეტროპოლიტენი.

Monday, November 16, 2009

მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა

     პარასკევს, 6 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.
"მთავარი კონფლიქტი, რომელიც ბოლო 5 წელიწადში წარმოიქმნა იმ რეფორმებს შორის, რომელსაც ვატარებთ, ეს არის კონფლიქტი თანამედროვე საქართველოსა და ძველ საქართველოს შორის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
     საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე აზროვნების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა: ქვეყნაში ჯერ კიდევ შემორჩენილია პარტიკულარულ-ნომენკლატურულ-ფეოდალური აზროვნება და ასეთი აზროვნება არ ითვალისწინებს არც საზოგადოების და არც სახელმწიფოს ინტერესებს.
     პრეზიდენტმა განათლების სისტემის დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ შორის ეროვნული უმცირესობებისათვის უმაღლესი განათლების მისაღებად მომზადებულ სპეციალურ ინიციატივაზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მისაღებ გამოცდებს მხოლოდ უნარებში (ისიც, საკუთარ ენაზე) ჩააბარებენ და წარმატების შემთხვევაში, საბაკალავრო საფეხურზე ხუთი წელი ისწავლიან. ამ ხუთი წლიდან პირველი წელი ქართული ენის შესწავლას მოხმარდება. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა ახლო მომავალში საგამოცდო სისტემის ცვლილებაზე და ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოსაშვები გამოცდების შემოღებაზე.
     მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პრეზიდენტის პასუხები მოისმინეს.

Wednesday, November 11, 2009

რუსული საინფორმაციო საიტები 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ

რუსეთ–საქართველოს ომიდან 15 თვის შემდეგ, აგრეთვე მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდა რუსულ საინფორმაციო საიტებზე პირდაპირი გზით შესვლა და რუსეთმა მოხსნა ბლოკირება, გადავწყვიტე, მენახა, თუ როგორ გაშუქდა რუსულ ინტერნეტ–სივრცეში რუსეთ–საქართველოს ომის დეტალები.
ამისათვის მაგალითად გადავხედე 6 რუსულ საინფორმაციო ვებ–საიტს: www.lenta.ru, www.newsru.com, www.rian.ru, www.news-russia.info, www.allrusnews.ru და www.ariru.info.
როგორც აღმოჩნდა, ამ საიტების დიდ ნაწილს აქვს საკმაოდ შესამჩნევი და მნიშვნელოვანი ნაკლი: მათ ან არ გააჩნიათ, ან შეუძლებელია საიტის არქივის გახსნა.
www.newsru.com და www.lenta.ru –ს არქივში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოიძიება, თან, არა მხოლოდ გასული წლის ომის შესახებ, ასევე საკმაოდ დეტალური ინფორმაცია დაპირისპირებული ქვეყნების თითოეული ნაბიჯის შესახებ. თუმცა, განსხვავებით ქართული ინტერნეტ სივრცისაგან, რუსულ ინტერნეტ სივრცეში შევნიშნე მრავალი განზრახ დაუზუსტებელი და არასაჭირო, აგრეთვე არაკორექტული ინფორმაცია.
საკმაოდ არასასიამოვნოა, როცა www.rian.ru –სა და www.news-russia.info –ს მომხმარებელი საიტს ხსნის და არ შეუძლია ძველ სტატიებთან მიბრუნება, ანუ საიტზე მომხმარებლისათვის არ არის ხელმისაწვდომი არქივი. ამ განხილულ ორ საიტს, ვფიქრობ, საშუალო დონის მომხმარებელი, ალბათ, ვერ გამოიყენებს საკმაოდ უცნაური სტრუქტურისა და არქივის არქონის გამო.
www.ariru.info -ზე საკმარისი ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი და აგრეთვე აქვს მარტივი არქივ-ინტერფეისი, რაც მომხმარებელს ხელს უწყობს, რომ ადვილად ნახოს და მოიძიოს სასურველი ინფორმაცია.
www.allrusnews.ru-ზე მართალია არსებობს არქივ-კალენდარი, მაგრამ შესაძლებელია მხოლოდ გასული 3-4 თვის სიახლეებისა და ინფორმაციის მოძიება. თუმცა, ამავე საიტზე ხდება მის მასობრივ მომხმარებელზე, რუსებზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენა, რაც ჟურნალისტური თვალსაზრისით მიუღებელია. უფრო კონკრეტულად, საიტზე მიმდინარეობს გამოკითხვა ომიდან 15 თვის შემდეგ იმის შესახებ, დაუწყებს თუ არა ომს რუსეთს ქართული მხარე და რამდენად დამნაშავეა ქართველი ერი წინა წლის მოვლენებში, სადაც, სამწუხაროდ, ჩვენი ახლო მეზობლები თვლიან, რომ საქართველო კვლავ დაიწყებს ომს (64%) და მოსახლეობის 99% კი თვლის, რომ საქართველომ უდიდესი და მუდამ უპატიებელი შეცდომები დაუშვა, რადგან ”გაბედა” ომი რუსებთან...
”Они Очень Рисковали, Мы Крутые (99%)
Мы Очень Рисковали, Они Крутые (1%)"


Monday, November 9, 2009

ქართული საინფორმაციო საიტების მუშაობის შეფასება

მე ჩავატარე მოკლე ექსპერიმენტი და განვიხილე 2009 წლის 1–დან 5 ნოემბრის ჩათვლით www.newsgeorgia.ge, www.ambebi.ge და www.presa.ge–ზე გამოქვეყნებული მასალები და საინფორმაციო სტატიები რომლებიც შეეხება პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის თემას.

როგორც აღმოჩნდა, www.ambebi.ge ამ საიტთაგან ყველაზე საიმედოა და ამ 5 დღის მანძილზე დაიდო 24 სიახლე პოლიტიკის შესახებ, 11 სიახლე ეკონომიკის შესახებ და 20 სიახლე კულტურის სფეროს შესახებ.

სამაგიეროდ, www.presa.ge ინფორმაციის საკმაოდ მცირე რაოდენობით შემოიფარგლა და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ 7 სიახლე დაიდო, ეკონომიკაზე და კულტურის სიახლეებზე კი მხოლოდ 3–3.

რადიკალურად განსხვავებული და საკმაოდ არასასურველი მდგომარეობაა www.newsgeorgia.ge–ზე, რომელიც საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტოდ ითვლება და მიუხედავად ამისა, 2009 წლის 13 მარტის შემდეგ, არცერთი სიახლით არ შევსებულა საიტი. ალბათ ჩათვალეს, რომ 13 მარტის "უცნობის" დაბადების დღისა და კონცერტის შემდეგ, საინტერესო აღარაფერი მომხდარა...