Tuesday, November 24, 2009
ოცნების ქალაქი - ბერლინი
ბერლინი - გერმანიის დედაქალაქი და ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი გერმანული ქალაქია. არსებობის ისტორიის მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.
ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.ბერლინი მთლიანად შემოსაზღვრულია ბრანდენბურგის ფედერაციული მიწით და მდებარეობს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში პოლონეთის, საზღვრიდან დაახლოებით 70 კმ-ში, ბარნიმისა და ტელტოს მაღლობებზე.
ქალაქის ისტორიული ცენტრი მდებარეობდა მდ. შპრეეს სანაპიროზე, რომელსაც ქალაქის დასავლეთ ნაწილში (შპანდაუ) უერთედება მდ. ჰაველი. ბერლინის დასავლეთი უბნები რაინიკენდორფი და პანკო მდებარეობენ ბარნიმის, ხოლო შარლოტენბურგ-ვილმერსდორფი, შტეგლიც-ცელენდორფი, ტემპელჰოფ-შიონებერგი და ნოიკიოლნი - ტელტოს მაღლობზე.
ბერლინში ცხოვრობს 3.392.026 მოსახლე (31 აგვისტო 2005) 891,75 კმ²-ზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 3.804 კაცს კმ²-ზე. ბერლინის მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენს 41,7 წელს. 2005 წლის ივნისში აქ ცხოვრობდა 458.600 არაგერმანული მოქალაქეობის მქონე პირი მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. ეს შეადგენს ბერლინის მოსახლეობის 13,5%-ს. ქალაქში ცხოვრობს დაახ. 36.000 პოლონელი და 119.000 თურქი. ბერლინში თურქთა მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვარგარეთული დიასპორაა. ბერლინის მოსახლეობის 60% ათეისტია, 23% - პროტესტანტი, 9% - კათოლიკე და 6% - მუსლიმი.
ბერლინის ტერიტორიაზე პირველმოსახლენი გერმანული ტომები იყვნენ, რომლებმაც იქაურობა, სავარაუდოდ, ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში აითვისეს. ჩვენი წელთაღრიცხვის დაახ. 720 წელს ისინი ჩაანაცვლეს სლავებმა, ხოლო მე-12 საუკუნის დასაწყისიდან ქალაქის ტერიტორია ისევ გერმანელთა ხელში გადავიდა (1157 წელს ბერლინის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრანდენბურგის მარკგრაფები ბატონობენ).
მე-13 საუკუნის დასაწყისში მდინარე შპრეეს ერთერთი ფონის გარდიგარდმო 2 პატარა დასახლება აღმოცენდა: მდინარის მარჯვენა ნაპირზე ძველი ბერლინი, ხოლო დღევანდელ მუზეუმთა კუნძულზე - კელნი. პირველი ქალაქად იხსენიება 1244 წლიდან, მეორე - 1237 წლიდან. უფრო ადრეული ქალაქების სტატუსი გააჩნიათ დღევანდელი ბერლინის ფარგლებში შემავალ ქალაქებს, შპანდაუს (ქალაქად იხსენიება 1197 წლიდან) და კეპენიკს (1204), რომლებიც ძველი სლავური დასახლებების ადგილას შექმნა. ამასთან, ნახსენები ქალაქები მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ბერლინის მოქიშპენი იყვნენ და ისტორიამ საამისო ბევრი მაგალითი შემოინახა, მაგალითად, 1567 წლის "ხელკეტების ომად" წოდებული გრანდიოზული ჩხუბი ბერლინელ და შპანდაუელ ახალგაზრდებს შორის, რომელიც პირველთა გალახვით და გაქცევით დასრულდა.
ბერლინს მაღალგანვითარებული სატრანსპორტო კომპლექსი აქვს. 979 ხიდი გადებულია ქალაქში არსებულ 197 კმ სიგრძის სამდინარო მონაკვეთზე, გზების საერთო სიგრძე 5,334 კმ-ია, ხოლო ავტოსტრადებისა 73 კმ. 2006 წელს ქალაქში 1.416 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ანუ 416 ავტომანქანა 1000 სულზე. (587/1000 გერმანიაში), ბერლინში, როგორც გერმანიის უდიდესსა და ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში, ერთ სულ მოსახლეზე ავტომობილების მცირე რაოდენობა მოდის. შორი მანძილის რკინიგზა გერმანიის დედაქალაქს ქვეყნის ასეულობით და მეზობელი სახელმწიფოების უმთავრეს ქალაქებთან აკავშირებს. ბერლინს ევროპაში უმსხვილესი სარკინიგზო კვანძი აქვს. ბერლინი ცნობილია მაღალგანვითარებული საველოსიპედო გზებით, სადაც დღიურად 400 000 ველოსიპედისტი მოძრაობს, რაც 2007 წლის მონაცემებით, მგზავრთა საერთო მაჩვენებლის 12%-ს შეადგენდა. ბერლინის სენატი ცდილობს 2010 წლისთვის ეს პროცენტი 15-მდე გაზარდოს. საველოსიპედო გზა 620 კილომეტრს მოითვლის; ავტობუსებისთვის ქალაქში 70 კმ მარშრუტია დათმობილი.
ბერლინში ორი კომერციული აეროპორტია. ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) უდიდესი და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF); (მოემსახურა 21 მლნ ადამიანს 2007 წელს). ორივე აეროპორტი ერთობლივად 144 წერტილს ემსახურება, აქედან 124 ევროპაშია. შენეფელდი, როგორც წესი, იაფფასიანი ავიაციის პოლიტიკას ატარებს და ბერლინის სამხრეთ საზღვრებს გარეთ, ბრანდენბურგის მხარეში მდებარეობს.დანარჩენი 2 აეროპორტი ქალაქის ფარგლებშია. ბერლინის მთავრობის გეგმით, 2011 წლიდან ძირითადი დატვირთვა შენეფელდის მოდერნიზებულ აეროპორტზე უნდა მოდიოდეს, რომელსაც იმდროისათვის ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი ერქმევა. ამავე გეგმით, ბერლინი აზიისკენ მიმავალი ავიაციის ევროპის კარიბჭედ უნდა იქცეს. ბერლინში არის აგრეთვე მაღალგანვითარებული მეტროპოლიტენი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
საინტერესო ბლოგია. მეც ჭავჭავაძელი ვარ. კარგად წერთ. რაც დიდი პლიუსია თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით ბლოგი დასახვეწია. იმისთვის რომ მკითხველი სისტემატიურად ესტუმროს მას. თუ სურვილი გაქვთ აგიხსნით მერე იმ დეტალებს რისი მეშვეობითაც შეიძლება ბლოგი ბევრად უფრო წაკითხვადი გახადოთ. და იგი თქვენი სოციალური ქსელის ნაწილი გახდეს. ისე საინტერესოა. ბლოგების გაკეთება ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოგთხოვეს ? და თუ კი რა ფორმით ხდება ამის სწავლება? ახალ მედიას როგორც საგანს თუ გადიხართ?
ReplyDelete