Wednesday, December 9, 2009
Tuesday, November 24, 2009
ოცნების ქალაქი - ბერლინი
ბერლინი - გერმანიის დედაქალაქი და ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი გერმანული ქალაქია. არსებობის ისტორიის მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.
ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.ბერლინი მთლიანად შემოსაზღვრულია ბრანდენბურგის ფედერაციული მიწით და მდებარეობს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში პოლონეთის, საზღვრიდან დაახლოებით 70 კმ-ში, ბარნიმისა და ტელტოს მაღლობებზე.
ქალაქის ისტორიული ცენტრი მდებარეობდა მდ. შპრეეს სანაპიროზე, რომელსაც ქალაქის დასავლეთ ნაწილში (შპანდაუ) უერთედება მდ. ჰაველი. ბერლინის დასავლეთი უბნები რაინიკენდორფი და პანკო მდებარეობენ ბარნიმის, ხოლო შარლოტენბურგ-ვილმერსდორფი, შტეგლიც-ცელენდორფი, ტემპელჰოფ-შიონებერგი და ნოიკიოლნი - ტელტოს მაღლობზე.
ბერლინში ცხოვრობს 3.392.026 მოსახლე (31 აგვისტო 2005) 891,75 კმ²-ზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 3.804 კაცს კმ²-ზე. ბერლინის მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენს 41,7 წელს. 2005 წლის ივნისში აქ ცხოვრობდა 458.600 არაგერმანული მოქალაქეობის მქონე პირი მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. ეს შეადგენს ბერლინის მოსახლეობის 13,5%-ს. ქალაქში ცხოვრობს დაახ. 36.000 პოლონელი და 119.000 თურქი. ბერლინში თურქთა მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვარგარეთული დიასპორაა. ბერლინის მოსახლეობის 60% ათეისტია, 23% - პროტესტანტი, 9% - კათოლიკე და 6% - მუსლიმი.
ბერლინის ტერიტორიაზე პირველმოსახლენი გერმანული ტომები იყვნენ, რომლებმაც იქაურობა, სავარაუდოდ, ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში აითვისეს. ჩვენი წელთაღრიცხვის დაახ. 720 წელს ისინი ჩაანაცვლეს სლავებმა, ხოლო მე-12 საუკუნის დასაწყისიდან ქალაქის ტერიტორია ისევ გერმანელთა ხელში გადავიდა (1157 წელს ბერლინის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრანდენბურგის მარკგრაფები ბატონობენ).
მე-13 საუკუნის დასაწყისში მდინარე შპრეეს ერთერთი ფონის გარდიგარდმო 2 პატარა დასახლება აღმოცენდა: მდინარის მარჯვენა ნაპირზე ძველი ბერლინი, ხოლო დღევანდელ მუზეუმთა კუნძულზე - კელნი. პირველი ქალაქად იხსენიება 1244 წლიდან, მეორე - 1237 წლიდან. უფრო ადრეული ქალაქების სტატუსი გააჩნიათ დღევანდელი ბერლინის ფარგლებში შემავალ ქალაქებს, შპანდაუს (ქალაქად იხსენიება 1197 წლიდან) და კეპენიკს (1204), რომლებიც ძველი სლავური დასახლებების ადგილას შექმნა. ამასთან, ნახსენები ქალაქები მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ბერლინის მოქიშპენი იყვნენ და ისტორიამ საამისო ბევრი მაგალითი შემოინახა, მაგალითად, 1567 წლის "ხელკეტების ომად" წოდებული გრანდიოზული ჩხუბი ბერლინელ და შპანდაუელ ახალგაზრდებს შორის, რომელიც პირველთა გალახვით და გაქცევით დასრულდა.
ბერლინს მაღალგანვითარებული სატრანსპორტო კომპლექსი აქვს. 979 ხიდი გადებულია ქალაქში არსებულ 197 კმ სიგრძის სამდინარო მონაკვეთზე, გზების საერთო სიგრძე 5,334 კმ-ია, ხოლო ავტოსტრადებისა 73 კმ. 2006 წელს ქალაქში 1.416 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ანუ 416 ავტომანქანა 1000 სულზე. (587/1000 გერმანიაში), ბერლინში, როგორც გერმანიის უდიდესსა და ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში, ერთ სულ მოსახლეზე ავტომობილების მცირე რაოდენობა მოდის. შორი მანძილის რკინიგზა გერმანიის დედაქალაქს ქვეყნის ასეულობით და მეზობელი სახელმწიფოების უმთავრეს ქალაქებთან აკავშირებს. ბერლინს ევროპაში უმსხვილესი სარკინიგზო კვანძი აქვს. ბერლინი ცნობილია მაღალგანვითარებული საველოსიპედო გზებით, სადაც დღიურად 400 000 ველოსიპედისტი მოძრაობს, რაც 2007 წლის მონაცემებით, მგზავრთა საერთო მაჩვენებლის 12%-ს შეადგენდა. ბერლინის სენატი ცდილობს 2010 წლისთვის ეს პროცენტი 15-მდე გაზარდოს. საველოსიპედო გზა 620 კილომეტრს მოითვლის; ავტობუსებისთვის ქალაქში 70 კმ მარშრუტია დათმობილი.
ბერლინში ორი კომერციული აეროპორტია. ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) უდიდესი და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF); (მოემსახურა 21 მლნ ადამიანს 2007 წელს). ორივე აეროპორტი ერთობლივად 144 წერტილს ემსახურება, აქედან 124 ევროპაშია. შენეფელდი, როგორც წესი, იაფფასიანი ავიაციის პოლიტიკას ატარებს და ბერლინის სამხრეთ საზღვრებს გარეთ, ბრანდენბურგის მხარეში მდებარეობს.დანარჩენი 2 აეროპორტი ქალაქის ფარგლებშია. ბერლინის მთავრობის გეგმით, 2011 წლიდან ძირითადი დატვირთვა შენეფელდის მოდერნიზებულ აეროპორტზე უნდა მოდიოდეს, რომელსაც იმდროისათვის ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტი ერქმევა. ამავე გეგმით, ბერლინი აზიისკენ მიმავალი ავიაციის ევროპის კარიბჭედ უნდა იქცეს. ბერლინში არის აგრეთვე მაღალგანვითარებული მეტროპოლიტენი.
Monday, November 16, 2009
მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა
"მთავარი კონფლიქტი, რომელიც ბოლო 5 წელიწადში წარმოიქმნა იმ რეფორმებს შორის, რომელსაც ვატარებთ, ეს არის კონფლიქტი თანამედროვე საქართველოსა და ძველ საქართველოს შორის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე აზროვნების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა: ქვეყნაში ჯერ კიდევ შემორჩენილია პარტიკულარულ-ნომენკლატურულ-ფეოდალური აზროვნება და ასეთი აზროვნება არ ითვალისწინებს არც საზოგადოების და არც სახელმწიფოს ინტერესებს.
პრეზიდენტმა განათლების სისტემის დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ შორის ეროვნული უმცირესობებისათვის უმაღლესი განათლების მისაღებად მომზადებულ სპეციალურ ინიციატივაზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები მისაღებ გამოცდებს მხოლოდ უნარებში (ისიც, საკუთარ ენაზე) ჩააბარებენ და წარმატების შემთხვევაში, საბაკალავრო საფეხურზე ხუთი წელი ისწავლიან. ამ ხუთი წლიდან პირველი წელი ქართული ენის შესწავლას მოხმარდება. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა ახლო მომავალში საგამოცდო სისტემის ცვლილებაზე და ცენტრალიზებული სასკოლო დამამთავრებელი გამოსაშვები გამოცდების შემოღებაზე.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პრეზიდენტის პასუხები მოისმინეს.
Wednesday, November 11, 2009
რუსული საინფორმაციო საიტები 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ
www.ariru.info -ზე საკმარისი ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი და აგრეთვე აქვს მარტივი არქივ-ინტერფეისი, რაც მომხმარებელს ხელს უწყობს, რომ ადვილად ნახოს და მოიძიოს სასურველი ინფორმაცია.
www.allrusnews.ru-ზე მართალია არსებობს არქივ-კალენდარი, მაგრამ შესაძლებელია მხოლოდ გასული 3-4 თვის სიახლეებისა და ინფორმაციის მოძიება. თუმცა, ამავე საიტზე ხდება მის მასობრივ მომხმარებელზე, რუსებზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენა, რაც ჟურნალისტური თვალსაზრისით მიუღებელია. უფრო კონკრეტულად, საიტზე მიმდინარეობს გამოკითხვა ომიდან 15 თვის შემდეგ იმის შესახებ, დაუწყებს თუ არა ომს რუსეთს ქართული მხარე და რამდენად დამნაშავეა ქართველი ერი წინა წლის მოვლენებში, სადაც, სამწუხაროდ, ჩვენი ახლო მეზობლები თვლიან, რომ საქართველო კვლავ დაიწყებს ომს (64%) და მოსახლეობის 99% კი თვლის, რომ საქართველომ უდიდესი და მუდამ უპატიებელი შეცდომები დაუშვა, რადგან ”გაბედა” ომი რუსებთან...
”Они Очень Рисковали, Мы Крутые (99%)
Мы Очень Рисковали, Они Крутые (1%)"
Monday, November 9, 2009
ქართული საინფორმაციო საიტების მუშაობის შეფასება
როგორც აღმოჩნდა, www.ambebi.ge ამ საიტთაგან ყველაზე საიმედოა და ამ 5 დღის მანძილზე დაიდო 24 სიახლე პოლიტიკის შესახებ, 11 სიახლე ეკონომიკის შესახებ და 20 სიახლე კულტურის სფეროს შესახებ.
სამაგიეროდ, www.presa.ge ინფორმაციის საკმაოდ მცირე რაოდენობით შემოიფარგლა და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ 7 სიახლე დაიდო, ეკონომიკაზე და კულტურის სიახლეებზე კი მხოლოდ 3–3.
რადიკალურად განსხვავებული და საკმაოდ არასასურველი მდგომარეობაა www.newsgeorgia.ge–ზე, რომელიც საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტოდ ითვლება და მიუხედავად ამისა, 2009 წლის 13 მარტის შემდეგ, არცერთი სიახლით არ შევსებულა საიტი. ალბათ ჩათვალეს, რომ 13 მარტის "უცნობის" დაბადების დღისა და კონცერტის შემდეგ, საინტერესო აღარაფერი მომხდარა...
Tuesday, October 20, 2009
გურული ახალი წელი – კალანდობა
გურიაში ყველაზე ტრადიციულ სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა, ახალ წელს განსაკუთრებული ხიბლით ელოდებიან. სოფელში ტრადიცია არ ირღვევა - ნაძვისხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ. ახალი წლის ღამეს ვახშამს რომ მორჩებიან, ოჯახის უფროსი ჩიჩილაკის კეთებას იწყებს. თხილის ღეროს ნახევრად ათლილ ბურბუშელებს, წმინდა ბასილის წვერებს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას - წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვის, ღვთისმოსაობისკენ. ალიონის დადგომასთან ერთად, ჩიჩილაკის დამზადებასა და მორთვას ამთავრებენ. ჩიჩილაკით ხელდამშვენებული გურულები მიადგებიან საკუთარი სახლის კარს და გარედან შესძახებენ ”კარი გამიღეთ!” სახლიდან ეპასუხებიან: ”რა მოგაქვს?” ისევ მეკვლე პასუხობს: ”მობრძანდება წმინდა ბასილი, მას მოაქვს ღვთის წყალობა, კაცთა მშვიდობა, ოქრო და ვერცხლი, თვალი და მარგალიტი, პური და ღვინო, ბედაური ცხენი რახტით შეკაზმული, ყირიმის თოფი, მოჭედილი სატევარი და ყაჭაბრეშუმი”. ამის დამთავრების შემდეგ, კვლავ შეძახილი გაისმის: ”კარი გამიღე!” და ასე მეორდება სამჯერ. სამჯერვე ხვავსა და ბარაქას, ბეღლის ავსებას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებენ ოჯახს. მერე შიგნიდან კარს გაუღებენ მისალოცად მისულ მეკვლეს და, მორთულ ჩიჩილაკთან ერთად, სახლში შეიპატიჟებენ. ოჯახის ყველა წევრს ხელში ანთებული თაფლის სანთელი უჭირავს. ღმერთმა მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოსო - ულოცავენ ერთმანეთს. სამგზის ჩამოატარებენ ჩიჩილაკს და ერთ კუთხეს მიუჩენენ. ჩიჩილაკს ნათლისღების დღეს იღებენ, მერე გარეთ გააქვთ და რომელიმე ხეზე ჩამოკიდებენ.
ოჯახის დიასახლისი ქართულ პურს, საახალწლოდ, საგანგებოდ გამზადებული კაცის ფორმის ყალიბში ახალი წლის წინღამით აცხობს: ”ამას ”ბასილის პურს” ეძახიან. ოჯახის მეკვლე ჯერ ბეღელში შედის და ეს ”ბასილის პური” შეაქვს, როგორც მომავალი ხვავის, ბარაქის სიმბოლოს და მერე მოადგება სახლის კარს. ეს ტრადიცია რამდენიმე საუკუნის მანძილზე მოდის და გრძელდება. გურიაში ერთადერთი სოფელია ბასილეთი, სადაც ეს ტრადიცია შენარჩუნებული აქვთ.
ბასილეთელებს საახალწლო სამზადი აქვთ. სასიკვდილო განაჩენი აქვთ გამოტანილი დასაკლავ ღორებს, გოჭებს, ინდაურებსა და ქათმებს. დუღს თაფლი და იჭრება ნიგოზი, საახალწლო სუფრის უმთავრესი მშვენების - გოზინაყის დასამზადებლად. რაკრაკებს დოლაბი და იფრქვება საახალწლო სუფრის სიმინდის ფქვილი და ღომისთვის ღერღილი.
მეკვლე ჩიჩილაკით ხელში დაივლიდა კარმიდამოს, თითოეულ სამეურნეო ნაგებობასთან გაჩერდებოდა და მიულოცავდა ახალ წელს. (ადრე მეურნეობის ყველა დარგს თავისი ღვთაება ჰყავდა).
ახალდაბადებული ბავშვი ჯანმრთელი და ძლიერი რომ ყოფილიყო, მის სახელზე ჭყინტი ყველისაგან გააკეთებდნენ თავის გამოსახულებას, რომელსაც გოჭის ძვლებით, ტანისა და ფეხის ფორმას მისცემდნენ. კერასთან ახლოს ამოთხრიდნენ მიწას, ყველაფერს ამას შიგ ჩადებდნენ, გადაასხამდნენ ღვინოს და დაილოცებოდნენ „მიწავ გამიჯერიებიხარ, კარგი ფერი და ხორცი მიეცი ჩემს ბაღანას“.
ჩიჩილაკით მიუკვლევდნენ ერთმენეთს ახალ წელს, თან მიწის ბარაქას, საქონლის სიმრავლეს, გამრავლებას, ოჯახის წევრების სიცოცხლესა და სიმდიდრეს დაუბედებდნენ.
Monday, October 19, 2009
ახალი წლის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში
იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან – ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ჩექმებს…იტალიელები თვლიან, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ მათ ახალი წელი.
ბრიტანეთის კუნძულების მაცხოვრებლები – ინგლისელები, საათის პირველ დარტყმაზე აღებენ უკანა კარს ძველი წლის გასაშვებად და უკანასკნელ დარტყმაზე აღებენ წინა კარს ახალი წლის “შემოსაშვებად’’. ინგლისში საახალწლო საჩუქარს განსაკუთრებულ დღეს ჩუქნიან: 28 დეკემბერს. ვის რომელი საჩუქარი შეხვდება, კენჭისყრა გადაწყვეტს. ეს ასე კეთდება: ქუდში ყრიან წარწერიან ქაღალდებს, რომელსაც ყველა დამსწრე იღებს. ინგლისელებს მოსწონთ მისალოცი ღია ბარათები. ისინი მათ ყველა ნაცნობს, მეგობარსა და ნათესავს უგზავნიან.
შოტლანდიელები შუაღამის დადგომამდე(ფერმებში) ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12-მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოკრავს. ამგვარად იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავთვალება ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.
ესპანეთში ერთ-ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში, თუმცა უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან – რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თვითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ “საცოლეებს, ხოლო გოგონები – “საქმროებს’’. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს: ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს – პრაქტიკული საჩუქრის.
ბარსელონაში, მადრიდში, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საახალწლო ღამეს სტუმრებისათვის ყიდდნენ ბილეთებს ორივე სქესის სახელებით და შემდეგ აერთებდნენ წყვილებად: ასე იქცეოდნენ “საქმროებად”და “საპატარძლოებად”მთელი საღამოს განმავლობაში. ხოლო მეორე დილით “საქმროს”უნდა მოენახულებინა “საცოლე”და მიეტანა საჩუქარი – ყვავილები და კანფეტები. ხანდახან ახალგაზრდა მამაკაცები საქმეს ისე აწყობდნენ, რომ “საცოლედ”საყვარელი ქალიშვილი შეხვედროდათ. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნამდვილი ქორწილით მთავრდებოდა.
ბელგიაში და ნიდერლანდებში გავრცელებულია “პირველი დღის მაგია’’, რისი აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის საქციელის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა იგი ახალი წლის პირველ დღეს, მსჯელობენ, როგორი იქნება ეს წელი მისთვის. ამიტომ, ცდილობენ ამ დღეს არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან რაიმე ახალი და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მრავალი კერძი. ნიდერლანდებში და ბელგიაში უძველესი დროიდანაა გავრცელებული კიდევ ერთი სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული ჩვეულება – დღესასწაულზე ირჩევენ მეფეს. ამისათვის დიასახლისები აცხობენ ღვეზელს, რომელშიც დევს ცერცვის ან ლობიოს მარცვალი. ის, ვისაც შეხვდება ნაჭერი მარცვლით, მთელი დღესასწაულის მანძილზე მეფე იქნება. შემდეგ კი მეფე თავად ირჩევს თავისთვის დედოფალს, მასხარას და ა.შ.
რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში ახალი 4697 წელი თებერვალში დადგება, შემდეგ ახალ წელს იზეიმებენ ინდოეთში – იქ 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056-ე წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისათვის ეს წელი 5760 -ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რუსეთშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც ახალი წელი 1 იანვარს გათენდება…
ბრაბანტში და ჩრდილოეთ ფლანდრიაში არსებობს მეფის არჩევის კიდევ ერთი წესი: ამზადებენ 16 ცალ ე.წ. “სამეფო”ღია ბარათს, რომლებზეც გამოხატულია მეფე, დედოფალი, მრჩეველი, მღვდელი, მომღერალი, მსახიობი, მზარეული და ა.შ. შემდეგ დამსწრეები სათითაოდ იღებენ ამ ბარათებს და ამგვარად ნაწილდება როლები სადღესასწაულო საღამოსათვის. მეფე და დედოფალი, რომლებსაც ოქროსფერი ქაღალდის გვირგვინს ადგამენ, ხელმძღვანელობენ ამ საღამოს და მათი “ხელმწიფება”გათენებამდე გრძელდება. ეს ყველაფერი საყოველთაო მხიარულებითა და ხუმრობებით მიმდინარეობს.
ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ-ერთი ფორმაა გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში – ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.
ბულგარეთში ახალ წელს ტრადიციულად სახლში ხვდებიან. ახალი წლის დაწყებამდე ოჯახის წევრებიდან ყველაზე პატარა დგება ნაძვის ხესთან და მღერის დანარჩენებისათვის. მადლიერების ნიშნად კეთილი უფროსები მას საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე საინტერესო იწყება მას შემდეგ, რაც საათი თორმეტჯერ ჩამოკრავს. ამ დროს სახლებში აქრობენ შუქს საახალწლო კოცნისათვის. მხოლოდ ამის შემდეგ დიასახლისი იწყებს ღვეზელის დაჭრას მასში არსებული სიურპრიზებით: თუ მონეტა შეგხვდებათ – სიმდიდრეს უნდა ელოდოთ, თუ ვარდის ტოტი – სიყვარულს. ასეთივე სიურპრიზებიანი ღვეზელის ტრადიცია არსებობს რუმინეთში და ავსტრალიაში.
ავსტრიაში საახალწლო სჩუქრებისა და მილოცვების ჩვეულება გავრცელებული იყო უკვე მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში. ახლა მიღებულია ფიგურებისა და მისალოცი ღია ბარათების ჩუქება ტრადიციული ბედნიერების სიმბოლოთი, რასაც წარმოადგენს ბუხრის მწმენდავი, ოთხფურცლიანი სამყურა ბალახი და ღორი. 31 დეკემბრის სუფრა სავსე უნდა იყოს, რომ მთელ წელს კარგად იცხოვროთ. აუცილებელ კერძს წარმოადგენს გოჭის ან ღორის ხორცი. ითვლება, რომ თუ გსურთ ბედნიერი იყოთ, უნდა შეჭამოთ ღორის თავის ან დინგის ნაჭერი. ამას ეწოდებოდა “ღორულ ბედნიერებაში მონაწილეობის მიღება’’.
შვეიცარიაში (ავსტრიაშიც) ადამიანები ზეიმობენ წმინდა სილვესტრის დღეს. ეს დღესასწაული ეფუძნება ლეგენდას იმის შესახებ, რომ რომის პაპმა სილვესტრმა (314 წელი) დაიჭირა საშინელი ზღვის მონსტრი. ითვლებოდა, რომ 1000 წელს ეს ურჩხული თავს დააღწევდა ტყვეობას და გაანადგურებდა სამყაროს. ყველას გასახარად ეს არ მოხდა. მას შემდეგ შვეიცარიაში და ავსტრიაში ამ ისტორიას იხსენებნ ახალ წელს. ადამიანები იმოსებიან სამასკარადო სამოსში და საკუთარ თავს სილვესტრკლაუსებს უწოდებენ.
ახალი წელი უნგრეთში ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც შობა. თუმცა, ზოგიერთი საშობაო ჩვეულება და რწმენა ამ დროშიც არსებობს. მაგალითად, პირველი სტუმარი, ანუ, ჩვენებურად “მეკვლე’’, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქალი, რადგან მას უბედურება მოაქვს. ამიტომ, ცდილობენ ნათესავების სახლში სტუმრად ბიჭები გაუშვან. რის შემდეგაც უკვე ქალის სტუმრობაც აღარაა საშიში. ზოგიერთ ადგილას კი, დილით პირის დაბანისას წყლის მაგივრად ხელებს მონეტებით იწმენდენ, რათა მთელი წელი შემოსავლიანი იყოს.
იუგოსლავიაში ახალი წლის ღამეს ბევრს მკითხაობდნენ: მარილმოყრილი ხახვის 12 ნაწილით საზღვრავდნენ, თუ როგორი ამინდი იქნებოდა ამა თუ იმ თვეში. სლოვაკეთის ზოგიერთ ოლქში არსებობდა ასეთი მკითხაობა: მაგიდაზე დებდნენ ათ სხვადასხვა საგანს, მათ შორის – ფიჭვის ტოტს(ბედნიერება), ბეჭედს(ქორწილი), თოჯინა(ბავშვის დაბადებას), ფულს(სიმდიდრე) და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფერს აფარებდნენ ბეწვის ქუდს. ყოველ ადამიანს სამჯერ უნდა გამოეღო იქიდან რაიმე ნივთი და თუ სამივეჯერ ერთი და იგივე ნივთს ამოიღებდა, ეს ნიშნავდა, რომ წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში მოხდებოდა ამ ნივთის სიმბოლოსთან დაკავშირებული მოვლენა.
მუსულმანები იყენებენ მთვარის კალენდარს და ამიტომ, ყოველი ახალი წლის თარიღი 11 დღით წინ იწევს. ირანში (სპარსეთში) ახალ წელს 21 მარტს ხვდებიან. ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე ადამიანები თესენ ხორბალს პატარა თეფშზე. ახალი წლისათვის იზრდება ჯეჯილი, რაც გაზაფხულისა და ახალი წლის დაწყებად ითვლება.
ინდუსები ახალ წელს იმის მიხედვით აღნიშნავენ, თუ სად ცხოვრობენ ისინი. ჩრდილო ინდოეთის მცხოვრებნი საკუთარ თავს ვარდისფერი, წითელი, იისფერი ან თეთრი შეფერილობის ყვავილებით რთავენ. სამხრეთ ინდოეთში დედები ტკბილეულს, ყვავილებსა და საჩუქრებს პატარა ლანგარზე აწყობენ. ახალი წლის დილას შვილები თვალდახუჭული ელოდებიან, თუ როდის მიიყვანენ მათ ლანგართან. ცენტრალურ ინდოეთში შენობებზე გამოფენენ ფორთოხლისფერ დროშებს. ინდოეთის ჩრდილოეთით ახალ წელს ოქტომბრის ბოლოს აღნიშნავენ, სახლების სახურავებზე ანთებენ პატარა კოცონს. ახალ წელს ყველა ინდუსი ფიქრობს სიმდიდრის ღმერთზე – ლაქშმიზე.
ბირმაში ახალი წელი პირველ აპრილს იწყება, ყველაზე ცხელ დღებში. მთელი კვირის განმავლობაში ადამიანები გემრიელად წუწავენ ერთმანეთს წყლით. იწყება წყლის ფესტივალი – ტინჯანი.
ინდონეზიაში ახალი წელი ოქტომბერში დგება. ყველა ადამიანი გამოსასვლელ ტანსაცმელს იცვამს და ერთმანეთს პატიებას სთხოვს წინა წელში მიყენებული უსიამოვნებებისათვის.
ებრაელებისათვის ახალი წელი წმინდა დროა. ამ დროს ადამიანები ფიქრობენ ჩადენილ ცოდვებზე და პირობას დებენ, რომ ყველაფერს გამოასწორებენ კეთილი საქმეებით. ბავშვებს ახალ სამოსს ჩუქნიან. ებრაელები აცხობენ პურს და მიირთმევენ ხილს.
ვიეტნამური ახალი წელი 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორს დგება. დღესასწაულის თარიღი ყოველწლიურად იცვლება. ვიეტნამელები ფიქრობენ, რომ ყოველ სახლში ცხოვრობს ღმერთი და ახალ წელს ღმერთი მიემგზავრება ცაში, რათა იქ ამცნოს, თუ როგორ გაატარა ეს წელი ოჯახის თვითოეულმა წევრმა. ოდესღაც ვიეტნამელები თვლიდნენ, რომ ღმერთი ერთ-ერთი თევზის – კობრის ზურგზე დაცურავს. ახლანდელ დროშიც ვიეტნამელები ყიდულობენ ცოცხალ კობრს, ხოლო შემდეგ უშვებენ მდინარეში ან ტბაში. ამ ქვეყანაში არსებობს აგრეთვე ჩვენებური “მეკვლეს”მსგავსი სტუმარი.
ჩინეთში ახალი წელი აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალმთვარეობისას. ქუჩის პროცესიები – ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ათასობით ფანარი ინთება პროცესიის დროს. ჩინელები თვლიან, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტი სულებით. ამიტომ, ისინი პეტარდებითა და ხმაურით უნდა განდევნონ. ჩინეთში არააა მიღებული საათის ჩუქება, რადგან ეს ნივთი ასოცირდება დროის წარმავალობასა და ყოფიერების ამაოებაზე.
საბერძნეთში ახალი წელი – ეს არის წმინდა ბასილის დღე. წმინდა ბასილი ცნობილი იყო თავისი სიკეთით. ბერძენი ბავშვები თავის ყელიან ფეხსაცმელებს ბუხართან ტოვებენ, რომ მან ისინი საჩუქრებით აავსოს.
ახალი წლის ღამეს იაპონელები ქუჩაში შეღებილები და მორთულები გამოდიან. მათთან ძალიან პოპულარულია ნიღბები. განსაკუთრებით პატივსაცემია ლომის ნიღაბი. ადამიანი ლომის ნიღბით საღამოობით ქუჩაში დადის, თავს ესხმის ბავშვებს და “კბენს” მათ. იაპონელების რწმენით ასეთი რიტუალი ბავშვებს ბოროტი ძალებისაგან იცავს. ახალი წლის პირველ დღეს, დილით ადრე ისინი გადიან “ახალგაზრდობის წყლის”სათავესთან, დგებიან სახით აღმოსავლეთისაკენ, წარმოთქვამენ შელოცვის მსგავს სიტყვებს და სამჯერ შესვავენ წყალს. ამ ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს სულ რაღაც 200 წლის წინ დაიწყეს და მათთვის ყველაზე მთავარი იყო ახალი წლის დაწყებამდე ყველა საქმის მოსწრება. იაპონელები სახლის დალაგების პროცესს ჯერ კიდევ შუა დეკემბერში იწყებენ. მთელი ოჯახი ხელში იღებს ბამბუკის ცოცხებს, რომლებიც მხოლოდ ახალი წლისთვისაა განკუთვნილი (ეს საგნები ინახება ოჯახში მთელი წლის განმავლობაში და გამოიყენება მხოლოდ საახალწლოდ) და ერთად, სიცილითა და მხიარულებით ალაგებენ სახლს. იაპონიაში ახალი წლის ღამეს ჭამა არაა მიღებული და ადამიანები ადრევე იმისთვის ამზადებენ საჭმელს, რომ ახალი წლის პირველივე დღეებში არ მოუწიოთ მისი კეთება. ამ დღეებში, საერთოდ, არაა მიღებული მუშაობა, მზადება და მაღაზიებში სიარული.
Wednesday, October 14, 2009
კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორია
ადრეული წყაროები აღარ არსებობს, თუმცა მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში, ინგლისი, არსებულ პროფესორთა ასოციაციისგან წარმოიშვა და სავარაუდოდ შეიქმნა 1209 წელს ოქსფორდიდან გამოქცეულ მეცნიერ-მასწავლებელთა მიერ, რომელთაც ადგილობრივ მოქალაქეებთან კონფლიქტი შეექმნათ.
ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად. ისტორიულად, მათ გამოშვებას ეკუთვნის ბრიტანეთის გამოჩენილ მეცნიერთა, მწერალთა და პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი.
კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია, რაც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტზე მეტია. მათგან 70 კემბრიჯის ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლობდა, ანუ ისინი ამ უნივერსიტეტის მასწავლებლები ან მკვლევარები არ ყოფილან. (ჩიკაგოს უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა ნობელის პრემიის ლაურეატთა რიცხვით - 78 - თუმცა მხოლოდ 30 მათგანი იყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი).
რანგით კემბრიჯი ბრიტანეთის უნივერსიტეტთა ლიგის სიის თავში იმყოფება ბოლო 8 წლის განმავლობაში, ხოლო ბოლო დროს კი უმაღლეს სასწავლებელთა საერთაშორისო ლიგის მე-3 რანგზე თაიმზის უმაღლეს სასწავლებელთა დამატების (ინგ. შემოკლებით THES) მიხედვით, ხოლო შანხაი ჟიაო ტონგის უნივერსიტეტის რეიტინგით მსოფლიოში მე-4 უნივერსიტეტია. (უნივერსიტეტთა რეიტინგები სუბიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, თუმცა დღეისთვის მსოფლიო უნივერსიტეტთა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ორი რეიტინგ-ლისტი არსებობს).
კემბრიჯი არის რასსელის ჯგუფის (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), კოიმბრას ჯგუფის (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, ლათ. Coimbra Group) და ასევე ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) წევრია
უნივერსიტეტის 31 კოლეჯი ტექნიკურად უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობენ. მაგ. ისინი თავად წყვეტენ სტუდენტთა მიღების საკითხს და ასევე თავად ნიშნავენ საბჭოს უფროს წევრებს.
უნივერსიტეტის ამჟამინდელი კანცლერი მსუ ედინბურგის დუკია, ვიცე-კანცლერი კი პროფ. ალისონ რიჩარდი. კანცლერის თანამდებობა მუდმივია და უმეტესწილად სიმბოლური, ხოლო ვიცე-კანცლერი კი აღმასრულებელ მმართველად ითვლება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში მხოლოდ საკუთარი წევრები არიან, გარე წარმომადგენლების გარეშე. მთავარი ავტორიტეტი ე.წ. მმართველი პალატაა (Regent House), რომლის წევრებიც კემბრიჯის აკადემიური თანამშრობლები არიან, თუმცა ძირითადი საქმიანობა საკონსულოს მიერ ხორცილედება. სენატი შედგება ყველა მაგისტრანტისა და უფრო მაღალი ხარისხის მფლობელთაგან. ის ირჩევს კანცლერს და 1926 წლიდან მისი როლი ძირითად ამით შემოიფარგლება.
კოლეჯთა სისტემა უნივერსიტეტისთვის შემთხვევითია და მოგვიანებით გაჩნდა. პირველი კოლეჯი სახელად პიტერჰაუზი დაფუძნდა 1284 წელს ჰიუ ბალშემის, ელის ბიშოპის მიერ. დანარჩენ კოლეჯთა უმრავლესობა დაფუძნდა მე-14, მე-15 საუკუნეებში, თუმცა ახალი კოლეჯები იქმნებოდა მას შემდეგაც, მოყოლებული დღემდე. ყველაე ახალგაზრდა კოლეჯია რობინსონი (1970). კოლეჯთა სრული სია მოცემულია ქვემოთ.
შუა საუკუნეებში კოლეჯები იქმნებოდა რათა მათ სტუდენტებს ამ კოლეჯთა დამფუძნებლების სულებისთვის ელოცათ. ამ მიზეზით ისინი ხშირად სააბატოებთან ასოცირდებოდნენ. თუმცა 1536 წელს მონასტერთა გაუქმებასთან დაკავშირებით, მეფე ჰენრი VIII-მ ბრძანა გაეუქმებინათ უნივერსიტეტში კანონიკის სწავლების ფაკულტეტი და შეეწყვიტათ სქოლასტიკური ფილოსოფიის სწავლება. ამას შედეგად კოლეჯთა კურიკულუმის ფოკუსის შეცვლა მოჰყვა - კანონიკის ნაცვლად შემოიღეს კლასიკური მეცნიერებანი, ბიბლია და მათემატიკა.
კემბრიჯის გამოცდა ბაკალავრიატის ხარისხისთვის (მთავარი დაწყებითი ხარისხი კემბრიჯში ხელოვნებასა და მეცნიერების შემსწავლელ საგნებში) ცნობილია როგორც "ტრიპოსი". მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს კურსები მრავალ საგანში გააჩნია, ისააკ ნიუტონის დროიდან მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ძირითადი ყურადღება მათემატიკაზე ხდებოდა, და ამ საგნის შესწავლა დიპლომის მისაღებად აუცილებელი იყო. მათემატიკის კურსის წარჩინებით დასრულებისას სტუდენტებს ვრანგლერის წოდებას ანიჭებდნენ. მათემატიკის ტრიპოსი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა და მის კურსდამთავრებულად ისეთი გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერები იყვნენ, როგორცაა ჯეიმს კლერკ მაქსველი, ლორდ კელვინი და ლორდ რალეი. მიუხედავად საგანთა სიმრავლისა კემბრიჯი მათემატიკას დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ისააკ ნიუტონის ინსტიტუტი, უნივერსიტეტის ნაწილი, ბრიტანეთის ეროვნულ კვლევით ინსტიტუტად ითვლება მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში.
დასაწყისში ყველა სტუდენტი მამაკაცი იყო. პირველი ქალთა კოლეჯები იყო გირტონის კოლეჯი (1869) და ნიუნჰამის კოლეჯი (1872). პირველი გამოცდები ქალი-სტუდენტებისთვის 1882 წელს ჩატარდა, თუმცა ქალთა უნივერსიტეტის სრულ წევრებად გახდომა 1947 წლამდე ვერ მოხერხდა, 20 წლით გვიან ვინემ ოქსფორდში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ითვლება კემბრიჯს ქალთათვის ხარისხი ამ დრომდე არ გაუცია, ფაქტიურად მოყოლებული მე-19 საუკუნიდან ქალები დაშვებულ იყვნენ კურსებზე, აბარებდნენ გამოცდებს და ნიშნების ფურცელს ოფიციალურად იღებდნენ, რაც სხვა ინსტიტუტების მიერ ხარისხად ითვლებოდა. უკვე მე-20 საუკუნიდან ქალებს შეეძლოთ ე.წ. ტიტულარული ხარისხის მიღება. განსხვავება ის იყო, რომ სრული ხარისხის გარეშე ქალებს არ შეეძლოთ უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრები გამხდარიყვნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები კოლეჯის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ქალთა კოლეჯების სიმცირის გამო ისინი შევიწროებულნი იყვნენ 1960 წლამდე, როცა კოლეჯებში სქესთა შერევა დაშვებულ იქნა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელს კავკასიაში. უნივერსიტეტს ხუთი ფილიალი აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 6 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს "თბილისის უნივერსიტეტი". 1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.
1919-1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.
1991 წლის 14 ოქტომბერს როინ მეტრეველი თსუ–ს რექტორად დაინიშნა. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ – ს რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.
2004 წლიდან თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ლორთქიფანიძე იყო. 2006 წლის აპრილიდან კი იგი ამ თანამდებობაზე გიორგი ხუბუამ შეცვალა.
უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს, – საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. მისივე სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში 1995 წლის 5 სექტემბრიდან შეუდგა მსახურებას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა კოლეგიამ ცნობილი ქიმიკოსი, ღვაწლმოსილი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავიდან მუშაობას შეუდგა ერთადერთი, – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო, საისტორიო და ფილოსოფიური დარგებით. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს შედგა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 1918 წლის დასაწყისისათვის 18 კაცს ითვლიდა. სწავლას შეუდგა 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი.
დღეს უნივერსიტეტში ახალგაზრდების აღზრდისა და მეცნიერული წვრთნის საქმეს 3275 პროფესორ-მასწავლებელი ემსახურება. მათგან 55 აკადემიკოსი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 595 პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი, 1246 დოცენტი და მეცნიერებათა კანდიდატია.
უნივერსიტეტის პირველი გამოშვება შედგა 1922 წელს. ამ წელს თსუ დაამთავრეს სიმონ ჯანაშიამ, ვარლამ თოფურიამ, არნოლდ ჩიქობავამ, შალვა ამირანაშვილმა, ლევან (ლენკო) მუსხელიშვილმა და შემდგომში გამოჩენილმა სხვა მეცნიერებმა.
მთავარი კორპუსის ოთხსართულიანი შენობა რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. მთავარი ფასადის ცენტრალურ ნაწილს გამბათით დასრულებული შვერილი წარმოადგენს, რომელიც რუსტრირებული და გიგანტური კორინთული პილასტრებითაა გაფორმებული. ფართო კიბისა და სიმეტრიული პანდუსის კომპოზიცია ფასადს პარადულობას ანიჭებს. შენობის ხუროთმოძღვარია პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული – სიმონ კლდიაშვილი, მშენებლობის ორგანიზატორი და სულლის ჩამდგემელი კი – ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე. ბიბლიოთეკის დარბაზსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში მხატვარ გ. ბუღაძის მიერ 2001 წელს შესრულებული მოხატულობაა.
1940 წელს მ. შავიშვილის პროექტით აგებული უნივერსიტეტის II კორპუსი, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირის პლასტიკურ მოხაზულობას მიჰყვება, თავისი მასშტაბით, არქიტექტურული მორთულობითა და ფერით მთავარ კორპუსს ეხამება.
1994 წელს, 64 წლის შემდეგ, უნივერსიტეტის წიაღში დაბრუნდა უმაღლესი სამედიცინო განათლება, აღდგა საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლების ტრადიცია – ჯერ გაიხსნა მედიცინის სპეციალობა ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, 2000 წელს კი მედიცინის ფაკულტეტი დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. შეიქმნა საუნივერსიტეტო კლინიკების ასამბლეა, რომლის სასწავლო ბაზები გამოირჩევა მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალით, გაიხსნა ჯანდაცვის მეცნიერებათა მართვის ცენტრი და უწყვეტი სამედიცინო განათლების დეპარტამენტი, შეიქმნა მედიცინის დარგის მზრუნველთა საბჭო, სამედიცინო ინფორმაციის სამსახური. პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშია უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური ცენტრი.
1999 წელს დაარსდა ,,კავკასიის ბიზნესის სკოლა”. იგი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრისა და მაგისტრის პროგრამების ფარგლებში ამზადებს სპეციალისტებს. სკოლა დააფუძნა კონსორციუმმა, რომელშიც შედიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატლანტაში (აშშ).
უნივერსიტეტთან 1923 წლიდან არსებობს სტამბა, 1933 წლიდან – გამომცემლობა. 1933 წელს შეიქმნა უნივერსიტეტის არქივი. 1919 წლიდან დარგების მიხედვით გამოდის სამეცნიერო კრებული ,,თბილისის უნივერსიტეტის შრომები”, 1996 წლიდან მოქმედებს პროგრამა ,,სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის”. უნივერსიტეტს გააჩნია ორი ყოველკვირეული გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი” (გამოდის 1927 წლიდან) და ,,ქართული უნივერსიტეტი” (გამოდის 1998 წლიდან).
2006 წლის აპრილიდან უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ განათლების სექტორში განვითარებადი, ფინანსური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც ხორციელდება განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის მიერ. განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი, რომელიც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს წარმატებით ვითარდება, როგორც უნივერსიტეტთა და სკოლათაშორისი რესპუბლიკური პროგრამა.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი: ისტორიისა და ქართული ემიგრაციის, მინერალოგიის, გეოლოგია-პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის.
უნივერსიტეტს აქვს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის 5 კორპუსი დაახლოებით 2200 საცხოვრებელი ადგილით. ქვეყნის რეგიონებში გახსნილია თსუ-ის რვა ფილიალი – სოხუმის, მესხეთის, ოზურგეთის, სიღნაღის (კახეთის), ზუგდიდის, ფოთის, ჯავახეთის და ქვემო ქართლის (ქ. მარნეული).