Tuesday, October 6, 2009

ინტერვიუ #60 საჯარო სკოლის დირექტორთან, ბ–ნ ამირან ჯამაგიძესთან


განათლების სისტემაში გატარებულ რეფორმებზე, მომავალი თაობის პრობლემებზე და სასწავლო გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ მივმართე #60 საჯარო სკოლის დირექტორს, ამირან ჯამაგიძეს.

 

        ბატონო ამირან, რა აზრის ხართ განათლების სფეროში მომხდარ და მიმდინარე ცვლილებებზე?

        ყველა სისტემა მხოლოდ მაშინ არის მდგრადი, როდესაც განიცდის ცვლილებებს, აქედან გამომდინარე, განათლების სისტემის არსებობის მანძილზე ის მუდმივად საჭიროებდა ცვლილებას და ვინაიდან ცვლილებამ გარკვეული პერიოდის მანძილზე, უფრო ზუსტად 90–იანი წლების განმავლობაში დაიგვიანა, მათი ჩატარების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო არა მარტო დროით, არამედ იმითაც, რომ სკოლა ძალიან დაშორდა ცხოვრებას. ასე რომ ცვლილებები დროულია, თუმცა დროში ჩამორჩენამ გამოიწვია მათი სიჩქარის ამაღლება, რაც თავისთავად, გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.

        თქვენი შეფასებით, რამდენად სწორი კურსი აქვს არჩეული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს?

        კურსი ალბათ სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პროცესი ევოლუციურის მაგივრად ხდება რევოლუციური, ის თავისთავად ბადებს პოსტრევოლუციურ სინდრომს, აქედან გამომდინარე, გაცილებით მეტი დრო რამ გვქონდა, ალბათ იგივე რეფორმა გაცილებით უფრო ნაკლებად მტკივნეული და გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნებოდა, მაგრამ კურსი არის სწორი, და სიჩქარე კი ნაკარნახევია უბრალოდ, აუცილებლობით. ასე რომ, ეს არის ობიექტური რეალობა, რომელთან შეგუებაც პრინციპში, გვიწევს ამ სისტემაში მომუშავეებს.

        რამდენად ეთანხმებით ბოლონიის პროცესში ჩართვის შედეგებს შეფასების სისტემაში?

        შეფასების ხუთბალიანი სისტემა, რომელიც არსებობდა საბჭოთა სკოლაში, თავისთავად ცხადია, მართლაც პრობლემური იყო, რადგან შეფასებაში „ერთი“ და „ორი“ ფაქტიურად ამოღებული იყო და შეფასება დაყვანილი იყო „სამიანიდან“ „ხუთიანამდე“. ასე რომ, ათბალიანი სისტემის შემოღება გაცილებით უფრო მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს ცოდნის შესაბამისი შეფასებისა და გაცილებით უფრო ობიექტურია. რაც შეეხება ცოდნის მრავალკომპონენტიან შეფასებას, მე ვფიქრობ, რომ ის ჯერჯერობით დახვეწას საჭიროებს და გარდა ამისა, ჩვენი პედაგოგებიც ნელ–ნელა ერგებიან ამ სისტემას. სასურველი იქნებოდა შეფასების სისტემა ყოფილიყო უნიფიცირებული სახელმწიფოს მიერ.

        რამდენად ქართული და ეროვნულია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე?

        მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას ეროვნულობასთან. ის ერთი მთლიანობაა, უბრალოდ ის ძალიან კარგად უნდა იყოს გათვლილი და უბრალოდ, თავისუფალი უნდა იყოს პროვინციალიზმისაგან.

        რა აზრის ხართ მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებზე უნარ–ჩვევების ჩაბარებასთან დაკავშირებით?

        ბოლო პერიოდში, ჩვენ პედაგოგობას საგნის ცოდნასთან ვაიგივებთ, არადა პედაგოგობა არის უნარი და ნიჭი. სკოლაში ვერ მოვა ყველა, ვინც იცის საგანი, მას უნდა ჰქონდეს ნიჭი, რომ გადასცეს თავის საკუთარი ცოდნა სხვას. უნარ–ჩვევები კი აჩვენებს, თუ რამდენად არის ეს ადამიანი პედაგოგი. ასე რომ, უნარ–ჩვევების ჩაბარება ნამდვილად საჭიროა, რადგან მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს ცოდნა, მაგრამ ელემენტარული პედაგოგიური უნარ–ჩვევების არქონის გამო შიეძლება გაკვეთილი ვერ ჩაატაროს.

        რა აზრის ხართ საზოგადოდ, დღევანდელ პედაგოგთა პროფესიონალიზმზე?

        მე ვფიქრობ, რომ პედაგოგთა პროფესიონალიზმი საკმაოდ მაღალია, მაგრამ პედაგოგი გარკვეულ მიზეზთა და გარემოებათა გამო, არ ცდილობს საკუთარი მაქსიმუმის გამოყენებას.

        რამდენად ახერხებენ მოსწავლეები სწავლის პროცესში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას?

        მიმდინარე რეფორმის ერთ–ერთ ყველაზე დიდ პლიუსად შეიძლება სწორედ ეს დასახელდეს. მოსწავლეს საშუალება მიეცა, რომ თავისი შესაძლებლობის რეალიზაციის თამასა თვითონ დაწეროს. დღეს საშუალება გახდა მრავალი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითაც მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოავლინოს. ცხადია, რომ ბოლო სამი წელიწადის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა მოსწავლეთა თვითრეალიზების საშუალება.

        როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას, რომლებსაც საჯარო სკოლები ზრდის?

        ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ტოლერანტობაზე. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა „მსოფლიო დაავადების“ სახე მიიღო. ახალგაზრდებს სხვისი ტკივილის გულთან მიტანა ძალიან უჭირთ ბოლო პერიოდში. ისინი დაუნდობლები ხდებიან ერთმანეთის მიმართ და ზოგადად, საზოგადოების მიმართ.

        რატომ გახდა საქართველოში ძალიან „პოპულარული“ რეპეტიტორობის ინსტიტუტი, როდესაც ამ პროგრამების გავლა საჯარო სკოლებშიც შესაძლებელია?

        საზოგადოების ნდობა სკოლების მიმართ წლების მანძილზე ქვეითდებოდა. ამას ხელს უწყობდა ძველი განათლების სისტემისა და ძველი მისაღები გამოცდების სისტემის ერთმანეთისაგან დაშორება. ამაში ალბათ, სკოლების დანაშაულიცაა, მაგრამ ახალი მოთხოვნების, სახელმძღვანელოების, ახალი სისტემებისათვის „ფეხის აწყობა“ სკოლას უჭირს მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ. რეპეტიტორები ისევ ის მასწავლებლები არიან, რომლებიც სკოლებში ასწავლიან იგივე საგნებს, მაგრამ სკოლის გარეთ მათ საშუალება ეძლევათ თითოეულ მოსწავლესთან იმუშაონ ინდივიდუალურად.

        რა დაბრკოლებებს აწყდება დღეს ის ახალგაზრდა, რომელიც უარს ამბობს განათლების საშუალო საფეხურის გავლაზე და საბაზო საფეხურის (9 კლასის ჩათვლით) დამთავრებით კმაყოფილდება?

        მგონი გაცილებით იოლია ამ ადამიანების იმპლანტირება საზოგადოებაში, ვიდრე დაახლოებით 10-20 წლის წინ. ცხრა კლასის განმავლობაში ბავშვი იძენს ძირითად უნარ–ჩვევებს, რაც შემდგომში, მას ცხოვრებაში გამოადგება, ასე რომ საკმაოდ წარმატებით შეეძლება დღეს საკუთარი თავის დამკვიდრება, სახელობო სწავლების შემოღებისა და გაუმჯობესების საფუძველზე. ბავშვი, რომელსაც არ სურს სწავლა–განათლების ხაზით ცხოვრების გაგრძელება, დღეს შეუძლია შეისწავლოს სპეციალობა საკმაოდ მოკლე ვადაში. დღეს მივედით იქამდე, რომ ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც მას სურს რომ აკეთებდეს.

        რა აზრის ხართ დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამებზე?

        ეს ყველაფერი დახვეწის სტადიაშია. თავისთავად ცხადია, ეს პროგრამები მოითხოვს დაახვეწას, გამდიდრებას, ადაპტირებას. ჩვენ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვასწავლიდით ერთს, ცხოვრებაში გვჭირდებოდა მეორე. დღესდღეობით ეს პროცესები ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ დაიხვეწება და საბოლოო სახით ნამდვილად მივიღებთ იმას, რაც საზოგადოებას ესაჭიროება.

        რამდენად ქმედითუნარიანია სკოლებში შექმნილი სამეურვეო საბჭოები?

        ეს არის კოლეგიალური ორგანო, სადაც თანაბარი რაოდენობით არიან მასწავლებლებიც და მშობლებიც, ასევე არის მოსწავლეც, თუმცა ცხადია, რომ ყველაფერი ჯერ არ არის იმ დონეზე. რომ სამეურვეო საბჭო გახდეს ქმედითი მექანიზმი სკოლის მუშაობაში.

        რას იტყვით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

        ჩემი კურსდამთავრებული მოსწავლეები კმაყოფილები არიან, ასევე მეც შემიძლია ვთქვა, რომ არც მე ვარ უკმაყოფილო. თუ ბავშვს მოსწონს და არ ეშინია ამ გამოცდების ჩაბარების, ეს არის ძალიან კარგი. რაც მთვარია, ის ნეგატივიზმი რაც აქამდე არსებობდა ეროვნული გამოცდების მიმართ საზოგადოებაში აღარ არის.

        სწორად მიგაჩნიათ თუ არა აბიტურიენტებისათვის შვიდი, ხშირად ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული პროფილის მქონე უმაღლესი სასწავლებლის არჩევის უფლების მინიჭება?

        ეს ჩვენი საზოგადოების სენია. აბიტურიენტი შვიდ სხვადასხვა ფაკულტეტს, სასწავლებელს ირჩევენ მხოლოდ ერთი პრინციპით – რომ გარეთ არ დარჩნენ. ვთვლი, რომ შვიდი არჩევნისა და საშუალების მიცემა კარგია, მაგრამ როდესაც ვიცი, თუ რა მინდა, არ ჩავწერ განსხვავებულ სპეციალობებს – ჩავწერ ერთი და იგივე სპეციალობებს, თუნდაც სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში.

        თქვენი აზრით, რა არის მიზეზი იმისა, რომ ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდობა მასიურად ტოვებს საქართველოს?

        ვერ დაგეთანხმებით, რომ მასიურად ტოვებენ საქართველოს. ეს იყო ალბათ 90–იან წლებში, თუმცა დღესაც გრძელდება ეს გარკვეული სახით, შეიძლება დავუშვათ, რომ სადაც ის საკუთარი თავის რეალიზაციის უკეთეს პირობებს იპოვის, იქ მიდის. ეს არის სამწუხარო, მაგრამ ობიექტური რეალობა. როდესაც ქვეყანა „მშენებლობის“ სტადიაშია, მსგავსი ფაქტები ყველა განვითარებად ქვეყანაში ხდება. სამწუხაროა, მაგრამ ობიექტური ჭეშმარიტება და რეალობაა და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი. ეს ასე იქნება, ვიდრე ქვეყანაში ეკონომიკის მზარდი ტემპები არ იქნება.

        დაბოლოს, რას ურჩევდით მომავალ თაობას?

        იბრძოლოს და არ დანებდეს, რადგან ვინც იბრძვის, ის ყოველთვის აღწევს მიზანს. ოღონდ, თავისთავად ცხადია, ცივილიზებული ფორმებით და წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რისთვის ვიბრძვით. უნდა ვიცოდეთ, საით მივდივართ და მივალთ იქ, სადაც გვინდა, რომ მივიდეთ.  

No comments:

Post a Comment