Tuesday, October 6, 2009

უიღბლო საღამო (რეპორტაჟი)

 კვირა საღამოა. წვიმამ ეს–ესაა გადაიღო. ვაჟა–ფშაველას გამზირზე, მირზა გელოვანის სკვერთან ავტომოყვარულები იკრიბებიან. ირგვლივ ძრავების გაუთავებელი ღმუილი და საბურავების ჭრიალი ისმის. სკვერის საპირისპირო მხრიდან გვერდულად, სველ ასფალტზე სრიალით შავი ბმვ გამოვარდა და გრილ, სველ ასფალტზეც კი დაწვა გახურებული პროტექტორი. ავტომოყვარულები ოვაციებითა და შეძახილებით შეეგებნენ მეგობრის გამოჩენას – „მიდი ალექს, მიდი“. ტროტუარზე ორმა ასაკოვანმა ქალმა გაიარა, რომლებსაც შავი, გრძელი ქვედაბოლოები ეცვათ და თავშალით ჰქონდათ დაფარული ჭაღარა თმა. – „ვაი თქვენს პატრონს დეგენერატებო, ვინ გაგზარდათ“ – ბუტბუტებს ერთ–ერთი თავისთვის, მეორემ კი წყევლა მიაყოლა ასფალტზე მოსრიალებულ ბმვ–ს. ირგვლივ ქაოსია, ახალგაზრდები სკვერში სკამებზე მოკალათდნენ და სეირის საყურებლად მოემზადნენ, თან გაუთავებლად აწკაპუნებდნენ მზესუმზირას და ქერქებს პირიდან აყრიდნენ მიწაზე მდგარ ლუდის ბოთლებსა და სველ ბალახს. იქვე, გამხდარი ბიჭი ძაღლს ასეირნებს და თან თვალს არ აშორებს საღამოს ბინდში გახვეულ დამწვარი რეზინის კვამლს. იქვე, ბალახში, დიდ ქვაზე შეყვარებული წყვილი ზის. გოგო ეშმაკურად იღიმის, ბიჭი კი ეფერება და ყველანაირად ცდილობს მომენტის პოვნას, რომ გოგოს აკოცოს. გზაზე 14–15 წლის ოთხი გოგონა გამოჩნდა. ოთხივე მობილურს ათამაშებდა ხელში და სიგარეტის კვამლში იყვნენ გახვეულები. დაბალ, განიერ თეძოებს სიარულისას ამაზრზენად ათამაშებდნენ. იქვე მჯდარი ორი ახალგაზრდა ბიჭი შესაფერის მომენტს ელოდა, რომ გოგონებს გამოლაპარაკებოდნენ და გაშტერებული თვალებით შესცქეროდნენ ზომაზე მოკლე ჯინსის ქვედაბოლოებზე. მოულოდნელად ერთ–ერთმა გოგომ დაიყვირა – „რას გვიყურებ, მოკლე კაბა არ გინახავთო“ და ოთხივე გოგონამ ბიჭებზე უფრო გაბედულად დაიწყო გინება. ბიჭებმა საკუთარი ‘მშობლების დაცვა’ სცადეს და სასწრაფოდ გაშორდნენ იქაურობას. ამასობაში სკვერის წინ ოვაციების ხმა გაისმა. პარკის ხელმარცხნივ შუქნიშანთან ახალი, წითელი ფერარი გამოჩნდა, რომელიც შუქნიშნის ყვითელი შუქის ჩართვისთანავე ადგილს მოსწყდა და უჩვეულოდ მაღალი სიჩქარითა და იშვიათი სილამაზით დაიპყრო ყველას გული. მხოლოდ ორი ხნიერი კაცი გამოთქვამდა გულისწუხილს – „ეს ბიჭები თავს იღუპავენ და ვერც ხვდებიან“ – და ბეტონის სკამზე ჭადრაკის თამაში განაგრძეს. ავტომოყვარულები სათითაოდ ტოვებდნენ მოედანს და ბაღის მოპირდაპირე ქუჩიდან საოცარი სიჩქარით ცდილობდნენ ქუჩაზე მოძრავი მანქანებისათვის გვერდის ავლას. დრიფტში ხიფათი იგრძნობოდა, უნებლიედ მოქნეული საბარგულები საკმაოდ მცირე მანძილში ცდებოდა ქუჩაზე მოძრავ ავტომანქანებს, რომლებიც გაუთავებლად სიგნალს იძლეოდნენ და დამწვარი საბურავების კვამლში გახვეულები შორი განათების ფარების საშუალებით ცდილობდნენ გზის გაკვლევას. უეცრად ყველანაირი ხმაური მიწყდა, ავტომოყვარულები უჩვეულოდ დაიშალნენ. გაოცებული ხალხი აქეთ–იქით აცეცებდა თვალებს. ამ დროს ერთ–ერთმა დაიყვირა – „პატრული“ და ახალგაზრდები კვლავ ახმაურდნენ. როგორც ჩანს, პატრულის თანამშრომლები ვიღაცამ გამოიძახა, რადგან დიდი სიჩქარითა და სირენებით შევარდნენ მოედანზე და ადგილზე დარჩენილ ავტომანქანის მძღოლებს, რომლებიც ჯერ კიდევ დამწვარი საბურავების კვამლში იყვნენ გახვეულები, გაჩერება უბრძანეს რაციით. ყველას თვალწინ, პოლიციელებმა ათიოდე ავტომოყვარულს ჯარიმები გამოუწერეს, სასწრაფო დაშლა მოსთხოვეს და წითელ–ლურჯი ნათურების ციმციმით მოშორდნენ იქაურობას. ახალგაზრდები მანქანებში ჩასხდნენ და უხმოდ დატოვეს მოედანი. მაყურებელი ხალხიც გინებით დაიშალა. ზოგი მათგანი პატრულს აგინებდა, ზოგი პრეზიდენტს, ზოგი მთელ მთავრობას. ათიოდე წუთის შემდგომ სკვერში ოთხი ადამიანი დარჩა – შეყვარებული წყვილი, რომლებიც ღრუბლიან ცაზე ერთმანეთს რაღაცეებს ანიშნებდნენ და ორი მოხუცი მამაკაცი, რომლებიც ჭადრაკის დაფას დასცქეროდნენ. მოულოდნელად, ერთ–ერთმა შესძახა – „შახი“. დამარცხებულმა მოხუცმა ფიგურებს ხელი მოჰხვია, გაბრაზებულმა ჩაყარა ყუთში და მოხუცებმაც დატოვეს სკვერი.

No comments:

Post a Comment